28 მარ

სასწავლო პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი“ - მოდული „გამომძიებელი“

2024 წლის 12-22 მარტის ჩათვლით, სამართლის ინოვაციურ სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული/სიმულაციური სასწავლო პროგრამა "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიმულატორი" - მოდული "გამომძიებელი". აღნიშნული პროგრამა წარმატებით გაიარა 22 მსმენელმა, რომელთა შორის იყვნენ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების სტუდენტები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები.

მსმენელები გაეცნენ სწავლების ინოვციურ მეთოდს და პრინციპებს, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას, დანაშაულის გამოძიების სიმულაციას და საშინაო დავალებებს.

მსმენელები სრულყოფილად გაეცნენ დანაშაულის შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოების რეაგირების მექანიზმებს, გამოძიების მიზნებსა და მნიშვნელობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, მტკიცებულების მოპოვების ხერხებსა და მეთოდებს, გამომძიებლის პრაქტიკული უნარჩვევებისა და თეორიული ცოდნის საჭიროებებს, ქმედების კვალიფიკაციის თავისებურებებს.

მსმენელებმა გამოიძიეს სხვადასხვა დანაშაულები - სექსუალური ძალადობა, ყაჩაღობა, განზრახ მკვლელობა, ოჯახში ძალადობა. სიმულაციური გამოძიების ფარგლებში, მენტორის ჩართულობით განხორციელებულ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე გაიმართა დისკუსია, განიხილეს თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.